შესახებ
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა
ქუთაისის N2 საჯარო სკოლა (შემდგომ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა), რომელიც 144 წელზე მეტს ითვლის, ამჟამად მისი დამაარსებლისა და მოჭირნახულის, გამოჩენილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იოსებ ოცხელის სახელს ატარებს.
დიდი ეროვნული ტრადიციების მქონე ეს უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსების დღიდან დღემდე, ღირსეულად აგრძელებს ეროვნულ საქმეს. პირველი ქართული გიმნაზიის მრავალფეროვანი ისტორია, მოგვითხრობს მის წინამორბედთა და თანამედროვეთა წვლილს ეროვნული სულიერების სამსახურში.
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლას საინტერესო ისტორა აქვს. იგი გამორჩეული კულტურული და საგანმანათლებლო კერაა, რომელიც დაარსების დღიდან მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას ემსახურება.
1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით, ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რომელიც 1905 წელს გიმნაზიად გადაკეთდა. იმ დროისთვის ის იყო საქართველოში ერთადერთი გიმნაზია, სადაც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა სწავლა-განათლება. ქართულ გიმნაზიას სათავეში 1901 ედგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე - იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მის სახლთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა.
ქუთაისისიდან გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის დახმარებით, გიმნაზიისათვის შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხერხდა.1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ.
რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დროს, გიმნაზია ეროვნულ ინტერესებს აღვივებდა იმდროინდელ ახალგაზრდობაში. ი. ოცხელი, ს. ხუნდძე და სხვა პედაგოგები აქტიურად იბრძოდნენ მოსწავლეებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალების დამკვიდრებისთვის. შესაბამისად, გიმნაზიის აღმზრდელები და აღსაზრდელები იცავდნენ ქართველი ერის ღირსებას. გიმნაზიის მოსწავლის, კონსტანტინე გამსახურდიას თაოსნობით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გიმნაზიაში შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ცხრა მუხა”, რომელშიც ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები იყვნენ გაერთიანებული.
გიმნაზიის პედაგოგებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული სკოლისათვის სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში. ი. ოცხელის ინიციატივით შექმნილ გამომცემლობა ”განათლებაში” დაიბეჭდა ს. ხუნდაძის ”ქართული ქრესტომათია”, ”ქართული ენის გრამატიკა”, ასევე, დ. უზნაძის ”ძველი საბერძნეთი”, ”ძველი რომი”, ი. ოცხელის ”არითმეტიკა” და სხვები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სკოლას სტუმრობდნენ ვაჟა-ფშაველა, ი. გოგებაშვილი, ხოლო მოგვიანებით კ. გამსახურდია.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გიმნაზიის სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა. 1954 წლიდან მას ეწოდა ა. წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა, 1995 წლიდან დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახელი - ეროვნული გიმნაზია, 2007 წლიდან კი იწოდება ი. ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლად.
სასწავლებელი ყოველთვის ითვლებოდა მნიშვნელოვან საგანამანათლებლო კერად. 1960 წელს გიმნაზიის დაარსებიდან 80 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ამ პერიოდში სკოლას ხელმძღვანელობდა ცნობილი პედაგოგი ი. გენძეხაძე. ზეიმის დღეებში გიმნაზიის აღზრდილებმა სკოლის ეზოში დადგეს ი. ოცხელისა და ს. ხუნდაძის ძეგლები (არქიტ. ტ. სიხარულიძე), მათი ნეშთები გადაასვენეს ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1980 წელს სკოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი, აშენდა სპორტული დარბაზი. აღნიშნულ პერიოდში სასწავლებელს ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი პედაგოგი ა. სანდუხაძე, რომელიც 21 წლის განმავლობაში სკოლის მრავალი წარმატების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო.
სასწავლებელში დაარსების დღიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ მაღალი ინტელექტის მქონე პედაგოგები: ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე, დ. უზნაძე, ალ. ჯანელიძე, ალ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, ჯ. ჯორჯიკია, ი. ეკალაძე, ევ. მიქელაძე და სხვა. მათი ღვაწლით აღიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები: არნ. ჩიქობავა, გ. წერეთელი, კ. გამსახურდია, ვ ნოზაძე, დ. ლორთქიფანიძე, უ. ობოლაძე, ა. ფაღავა, ვ. თოფურია, ტრ. ხუნდაძე, ა. ვასაძე, ნ. შენგელაია, დია ჩიანელი და სხვები.
სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სასახელოდ აგრძელებენ 145 წლის სასწავლებლის მდიდარ ტრადიციებს.
სკოლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძვლესია ქუთაისში. იგი ს. ხუნდაძემ დაარსა 1884 წელს. ბიბლიოთეკას აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი, მათ შორის 300-მდე წიგნი მე-19 საუკუნის 60-90-იან წლებშია დაბეჭდილი რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ლათინურ ენებზე.
დიდი ეროვნული ტრადიციების მქონე ჩვენი სკოლა დღესაც აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.
იოსებ ოცხელის ბიოგრაფია
ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორი, იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქ. ქუთაისში 1865 წლის 29 სექტემბერს. მან დაწყებითი განათლება კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო საფეხური ვაჟთა გინმაზიაში გაიარა. 1885 წელს ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების შემდეგ, მშობლიურ ქუთაისში პირველი ხარისხის დიპლომით დაბრუნდა.
იოსებ ოცხელი ქართულ გინმაზიის დირექტორად დანიშვნამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: ქუთაისის გუბერნიის კანცლერის მმართველად, თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად, თუმცა კერძო სასწავლებლის დაარსების იდეის განხორციელების სურვილით, მან 1892 წელს ქუთაისში პირველი ქართული საჩვენებელი ბაღი დააფუძნა. დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ პირველ საბავშვი ბაღს იოსებ ოცხელი ქართული გინმაზიის დირექტორად დანიშვნამდე ხელძღვანელობდა.
ი.ოცხელი თავიდანვე შეუდგა სკოლის ძირფესვიან გარდაქმნას. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მან შეძლო ქუთაისის ქართულ სკოლას გინმაზიის სტატუსი მინიჭებოდა.
იოსებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოიკრიბა ისეთი ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ფილოლოგი სილოვან ხუნდაძე, სენაკის ქართული სკოლის პირველი ხელმღვანელი სამსონ ყიფიანი, პოეტი დომენტი ოყრეშიძე, პედაგოგი გერასიმე ცაგარეიშვილი, მათემატიკოსი სიმონ ოცხელი და სხვა.
ოცხელის ხელმძღვანელბით გინმაზიაში შეიქმნა მასწავლებელთა ჯგუფი, რომელმაც ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. გიმნაზიის ერთ-ერთ მნიშველოვან საქმიანობას წარმოადგენდა სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა, რომელთა დიდი ნაწილის ავტორი თავად იყო.
იოსებ ოცხელი განსაკუთრებულ მნიშვნელოას ანიჭებდა თაობების მეცნიერულ აღზრდას. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილით გულანთებული, იგი ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას საზოგადოების განათლებაში ხედავდა.
„ადამიანის ტვინი და ხელები ერთად უნდა მუშაობდნენ. ის, რაც თეორიულად გადაეცემა მოწაფეს, მისი პრაქტიკული გამოყენებაც უნდა იცოდეს და შეძლოს - წინააღმდეგ შემთხვევაში სქოლასტიკა და მოსაბეზრებელი ტვინის დამბლა გამოგვივა“ - წერდა იოსებ ოცხელი „გუთნის“ წინასიტყვაობაში.
იოსებ ოცხელი სკოლის უპირველეს მიზნად ახალი თაობის მოქალაქეობრივ განვითარებას მიიჩნევდა. მას, როგორც პროფესიონალ პედაგოგს, ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი მშობლების აღმზრდელობითი როლი სწავლის უმთავრესი მიზნის მიღწევის საქმეში.
სასკოლო საქმიანობის მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, იოსებ ოცხელი აწყობდა მოსწავლეთა შეხვედრებს ცნობილ მწერლებთან და გამოჩენილ ადამიანებთან. ქართულ გინმაზიას ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.
იოსებ ოცხელი ინტერესდებოდა მოსწავლის პირადი ცხოვრებითაც. იგი იცნობდა თითქმის ყველა მოსწავლეს, იცოდა თითოეულის წარსული, ოჯახური პირობები, ზნეორივი თვისებები და გონებრივი შესაძლებლობები.
იოსებ ოცხელი აქტიურ მონაწილოებას იღებდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. იგი მფარველობდა და ეხმრებოდა რევოლუციურად განწყობილ პედაგოგებს და მოსწავლეებს. ოცხელი აღტაცებით შეხვდა მეფის მთავრობის დამხობას და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიესალმა რევოლუციის გამარჯვებას.
იოსებ ოცხელი გარდაიცვალა 54 წლის ასაკში, ტიფით, 1919 წლის 27 თებერვალს.
სილოვან ხუნდაძის ბიოგრაფია
ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პუბლიცისტი სილოვან ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს სოფ. კალაგონში (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონი) მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში.
1880 წელს სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის “სამშობლო” ოთხი ნომერი. 1884 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი, სადაც სილ. ხუნდაძე ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვათა ლექციებს.
ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი “ისტორიული კილო გრ. ორბელიანის ლექსებში” მან გამოაქვეყნა ჟურნალის “ივერია” 1882 წლის მე-12 ნომერში.
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წლის შემოდგომაზე, სილ. ხუნდაძე შეუდგა მრავალწლიან, უაღრესად ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. აღნიშნული წლის დამლევიდან 1888 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1880-იანი წლების დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.
1900 წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა ქართული ეროვნული საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად – სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე. მათგან საკმარისია დავასახელოთ მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე, აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, პროფესორი ალექსანდრე წერეთელი, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, აკადემიკოსი ვარლამ თოფურია, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე და სხვანი.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე არჩეულ იქნა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად. 1913 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. 1916 წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, 1910 წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა “მერანი”, რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე უდიდესი მწუხარებით გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძეს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი ურთიერთობა. “საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: “მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია”-ო!”- აღნიშნა თავის გამოსათხოვარ სიტყვაში სახელოვანმა პედაგოგმა და მამულიშვილმა. ილიას ხსოვნას მიეძღვნა იმავე წელს ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები “ილია ჭავჭავაძის სახსოვრად” და “მკვლელები და მცველები”.
1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი, ქართველი ერის მოძულე, ვინმე კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და “ატესტატების სიმცირის” ყალბი საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველყოვლისა – იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა რუსი მოხელის თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან ხუნდაძე დახვდა. კორიცკის გამარჯობის ნიშნად გაწვდილი ხელი ჰაერში შერჩა… “ხეპრე თავი მეტის-მეტად მაღლა აგიწევიათ! ახალგაზრდობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია და საფიქრალი. მათ მსხვერპლად ვერასგზით ვერ შემოგწირავთ. ასეთ ატესტატებს არაფრად ვსაჭიროებთ და საერთოდ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქ შეგიძლიათ მიბრუნდეთ”-ო, მიუგო სილოვანმა კორიცკის. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. იგი გიმნაზიას დაუბრუნდა მხოლოდ 1916 წლის დამლევს.
1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა “თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება”.
1919 წელს, იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ, სილოვან ხუნდაძემ გიმნაზიას 1923 წლამდე უხელმძღვანელა.
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1928 წლის 12 მაისს. იგი განისვენებს ქუთაისის "მწვანეყვავილას" მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში.
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იოსებ ოცხელის გიმნაზიაში
იოსებ ოცხელი დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა მოსწავლეების კულტურულ-საგანამანთლებლო ღონისძიებებში ჩართვას. ხშირად აწყობდა ექსკურსიებს, ხელს უწყობდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის შემოქმედებითი ნიჭის წახალისებას. ხშირად გიმნაზიის ეგიდით ფასიანი კონცერტებიც იმართებოდა, რომელიც სასწავლებლის ფინანსურ გაძლიერებას ემსახურებოდა.
გინაზიაში ჩამოყალიბებული იყო თეატრალური დასი, სასულე და სიმფონიური ჯგუფები. ისინი დიდი მოწონებით სარგებლობდა მსმენელთა შორის. 1884 წელს აკაკი წერეთლის თაოსნობით დაფუძნდა მუდმივი ქართული თეატრი, სადაც მიიწვია გიმნაზიის ნიჭიერი მოსწავლეები და პედაგოგები.
1885 წელს, გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა კოტე მესხმა ქუთაისში შეიქმნა დასი, სადაც მიიწვია გიმნაზიის პედაგოგი სიმონ ყიფიანი.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგმა, ვასილ ყიფიანმა შექმნა რამდენიმე დრამატული ნაწარმოები. ვ. ყიფიანის პიესა „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ 1926 წელს მოსკოვში დაიდგა ცნობილი რეჟისორის გრ. ყიფშიძის მიერ. ლევან ყიფიანი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანაობასაც.
იოსებ ოცხელის დირექტორობის პერიოდში გიმნაზიის მოსწავლეები სპექტალებზე სპეციალური ნებართვით მიდიოდნენ, რაც ერთგვარ წამახალისებებელ ღონისიებას წარმოადგენდა.
გინმაზიის მუსიკა-გალობის პედაგოგები ა. მრევლიშვილი და რ. ძამსაშვილი ასრულებდნენ არაერთ ქართულ სიმღერას, ასევე ქმნიდნენ მათ ნოტებს.
1912 წელს გიმნაზიის ბაზაზე, კოტე ფოცხვერაშილმა ჩამოაყალიბა გუნდი 60 წევრის შემადგენლობით. მან რამდენიმე ფასიანი კონცერტი გამართა, ხოლო შემოსული თანხით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა ოჯახები სწავლის ქირისგან გაათავისუფლეს.
ილია ჭავჭავაძის ვერაგულ მკვლელობას მწუხარებით სავსე მუსიკალური ნაწარმოები მიუძღვნა გინმაზიის ორკესტრის პედაგოგმა, არტემ კვაჭანტირაძემ. ნაწარმოები სახელწოდებით „დარდი საქართველოზე“ ილიას სიკვდილის წლისთავზე შეასრულა ქართული გიმნაზიის ორკესტრმა ავტორის დირჟორობით.
იოსებ ოცხელმა შეგროვილი ფულით, მოსკოვში, გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში დააბეჭდინა კვაჭანტირაძის ვალსი - „დარდი საქართველოზე“, რომელსაც სისტემატურად ასრულებდა გიმნაზიის ორკესტრი სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ქართული დრამატული თეატრში მსახიობად მუშაობდა გიმნაზიის პედაგოგი ალექსანდრე გარსევანიშვილი.
1920 წელს საგანმანათლებლო „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა, კერძოდ სილოვან თომას ძე ხუნდაძის თაოსნობით, გიმნაზიაში შეიქმნა წიგნადი ფონდი, რომლითაც სარგებლობდა ქალაქის ინტელიგენციაც.
საგამომცემლო საქმიანობა გიმნაზიაში
1890 წლის 12 ივლისს კავკასიის სამოსწავლო ოლქმა ქართული სკოლების საგაკვეთილო ცხრილებიდან ქართული ენა ამოიღო. მეფის მთავრობა არასაიმედოდ თვლიდა ქართველ მღვდელთმსახურებს, რომლებიც წირვა-ლოცვას ქართულ ენაზე ასრულებდნენ. მეფის რუსეთის წარმომადგენელი სამხედრო გუბერნატორი 1899 წელს ერთ-ერთ საიდუმლო მოხსენებაში წერდა, რომ სასწრაფოდ უნდა შეწყვეტილიყო ეკლესიებში ქართულ ენაზე მსახურება, რადგან მშობლიური ენის დამცველთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა.
ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლის დირექტორმა შეადგინა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ითვალისიწინებდა რუსული ენის სწავლებას ქართულ ენაზე საუბრის მოსმენის გარეშე (ე.წ. „მუნჯური მეთოდი“). აღნიშნული სახელმძღვანელო ვრცელდებოდა ი. გოგებაშვილის წიგნის ნაცვლად, რომელშიც რუსულ ენას ქათული ენის საშუალებით შეასწავლიდა მოზარდებს.
აღნიშნული მტრული პოლიტიკის წინააღმდეგ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრელებელი საზოგადოების“ წევრები ილაშქრებდნენ. ქუთაისის გიმნაზიის და მასზედ დაქვემდებარებული სენაკის ქართული სკოლის მესვეურები იბრძოდნენ ქართული ენის სიწმინდის დასაცავად.
ქართულ ენაზე სწავლების საფუძველს ბუნებრივია ქმნიდა ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოები. იმ დროისათვის ქართულ სკოლებს ქართულ ენაზე სწავლების წარმართვის უფლება არ ჰქონდათ. მთავრობის სპეციალური განკარგულებით, ოცხელის გიმნაზიასა და ძველი სენაკის სკოლაში გახსნილ გიმნაზიის პარალელურ კლასებში მიმდინარეობდა სწავლა-განათლება ქართულ ენაზე.
სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, 1915 წელს დადგინდა, რომ ქართულ ენაზე არსებული სახელმძღვანელოების სიმწირის გამო, აუცილებელი იყო თარგმნილი სახელმძღვანელოებისა თუ საკითხავი ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემა.
იოსებ ოცხელის რჩევით და ინიციატივით დაარსდა გამომცემლობა ‘’განთიადი“, სადაც მოკლე დროში გიმნაზიის მოსწავლეებისათვის საკმარისი ქართულენოვანი სახელმძღვანელო დაიბეჭდა.
გამომცემლობა „განათლებაში“ გამოიცა სილოვან ხუნდაძის „ქართული ქრესტომათია“ (I, II, III, IV , V ნაკვეთები) და „ქართული ენის გრამატიკა“, დიმიტრი უზნაძის „ძველი საბერძნეთი“ და „ძველი რომი“, სიმონ ქვარიანის „საქართველოს ისტორია“, იოსებ ოცხელის „არითმეტიკა“, ი. და ს. ოცხელების „ალგებრა“, „გეოგრაფია“, „ტრიგონომეტრია“ და „ფიზიკა“, მიხეილ ჩინჩალაძის „ ლათინური ენა“, „ბუნება“, „გერმანული ენა“ და სხვა.
ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოების სისუსტე ქართული ტერმინოლოგები იყო. იოსებ ოცხელის თაოსნობით, გიმნაზიის პედაგოგებისაგან შედგა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ქართულ ენის მეცნიერული ტერმინოლოგიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ ოოსებ ოცხელის ოჯახი ქართული პედაგოგიური ლიტერატურის გამოცემის კერად იქცა. მის სახლში იკრიბებოდნენ მთარგმნელები და მწერლები, იქვე სწორდებოდა ნათარგმნი ლიტერატურა, არჩევდნენ კლიშეებს.
საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოებში იოსებ ოცხელი იყენებდა იაკობ გოგებაშვილის ძირითად პრინციპებს. მას კარგად ესმოდა სახელმძღვანელოს დანიშნულება. „გუთნის"
წინასიტყვაობაში იოსებ ოცხელი წერდა: „ჩვენი განზრახვა იყო ქართველთა ოჯახისა და სკოლისათვის ისეთი სახელმძღვანელო მიგვეწოდებინა, რომ მას შეძლებოდა:
„1. განევითარებინა მოზარდის გონება ცხოვრებისა და ბუნების გაცნობით;
2. აღეძრა და განემტკიცებინა მათ გულსა და გონებაში უძვირფასესი კაცობრიული გრძნობები: სიყვარული, ძმობა, სიბრალული, თანაგრძნობა ცხოვრებისაგან დაჩაგრულთა და უბედურებასა და ტანჯვაში ჩავარდნილთა მიმართ;
3. მიეცა მათთვის იმ მოვალეობების შეგნება, რომ გულწრფელად ემსახურონ თავის სამშობლოს, საზოგადოებას და შეძლებისამებრ, მთელს კაცობრიობას;
4. შთაენერგა მათში პატვისცემა და სიყვარული პატიოსანი შრომისა და მშრომელების მიმართ;
5. მოემზადებინა მოზარდთა გონება სწორ და მტკიცე ლოგიკურ აზროვნებისადმი, რომ მათ სცოდნოდათ აზრთა სისწორით გაგება, შეთვისება და ლოგიკური თანმიმდევობით და შეკავშირებით გადაცემა, ჯეროვანი სისწორით განზოგადება და დასკვნა“.
ქუთაისის გიმნაზიაში პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების ნაშრომებიც გამოიცემოდა მცირე ბროშურების სახით. ისინი დღესაც დაცულია იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.
იოსებ ოცხელის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა წიგნების სავაჭრო ადგილი, სადაც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოები.