წარმატებული მოსწავლე

ნია ნიკურაძე

2024 წლის თებერვალში, ალტე უნივერსიტეტმა გამოაცხადა ესეების კონკურსი თემაზე: ,,1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“.

კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნია ნიკურაძე (დამრიგებელი თინათინ სვანიძე).

ნია ნიკურაძე კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი ესე ორგანიზატორებმა განსაკუთრებულ ნაშრომად მიიჩნიეს.

ვულოცავთ ნიას ამ წარმატებას და გთავაზობთ მის ესეს:

1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, თავისი პროგრესული იდეების, ისტორიული მემკვიდრეობისა და შექმნის დროის გათვალისწინებით, მეტად საინტერესო დოკუმენტია, რომელშიც გონივრულადაა შეჯერებული მსოფლიოს კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო ეროვნული საწყისები. იგი სამართლის ევოლუციის შედეგად შექმნილი კონსტიტუციების პირველ ტალღას მიეუკუთვნება, მაგრამ თავისი შინაარსით ბევრად წინ დგას იმდროინდელი მსოფლმხედველობისგან. სწორედ ამის თვალნათლივ წარმოჩენა და თანამედროვე დემოკრატიის პრინციპებთან შედარებით 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასმა წარმოადგენს ჩემი ნაშრომის უმთავრეს მიზანს.

ალბათ, გსმენიათ ფრაზები: „ქართველობას, ტრადიციას გვართმევენ“, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდით შექმნილი მცდარი მოსაზრებების ამსახველი სტერეოტიპებია. შეშინებულ ხალხს კი ჰგონია, რომ ღირებულებებს, როგორებიცაა თანასაწორობა, გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ, ვიღაც თავს გვახვევს. რეალობა სხვაგვარია. ისტორიული გამოცდილება კი კარგი საშუალებაა უსაფუძვლო შიშების დასაძლევად. მაგალითად სწორედ 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც ზემოთ ხსენებულ ღირებულებებს საუკუნის წინ იცავდა. მის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშნავდა: „კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა“. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი პირველად 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციაში გაჟღერდა, მაშინ, როდესაც იგი ევროპის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ აღიარებული. ეს კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისგან, რომელთაგან დიდი ნაწილი ეთმობა ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, ეროვნული უმცირესობების, ადამიანის სინდისისა და რელიგიური თავისუფლებების დაცვას. მუხლი 31:“ყველა მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს. მოქალაქის დევნა და მისი პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება“. ასევე ყურადღებაა გამახვილებული გენდერულ თანასწორობაზე, ხელისუფლების დანაწილების შტოებსა და კანონის უზენაესობაზე. მუხლი 16: „მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან“. უმნიშვნელოვანესია თავი პირველი, სადაც საქართველო გამოცხადებულია როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, რომლის მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს დღესაც უცვლელია, რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებს, მოქმედი კონსტიტუცია (1995 წლის) სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ეს მის პრეამბულაშიცაა ჩაწერილი. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობითაც კი შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია ის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“.

როგორც წესი, კონსტიტუცია შეიცავს პრეამბულას, რომელშიც, ჩვეულებრივ, ასახულია მისი შემოღების მიზანი და ამოსავალი პრინციპები. ამ მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია გამონაკლისია - მას არ აქვს პრეამბულა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პრეამბულის მაგივრობას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ასრულებს, თუმცა ამის შესახებ თავად კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი.

1921 წლის კონსტიტუციის შექმნის ისტორიულ პროცესსაც თუ შევეხებით, იგი ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. დამფუძნებელ კრებას კონსტიტუციის მიღება მოუწია რსფსრ-სა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ომის პარალელურად.ამ კრების უდიდესი შრომის შედეგია ის, რომ დოკუმენტში ვხვდებით სოციალური უფლებების დაცვის უმაღლეს ხარისხს. მუხლი 11: „სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მისცეს“. სწორედ ასეთი პროგრესული მიდგომები აღმოჩნდა დღევანდელი მოქმედი კონსტიტუციის საყრდენი ბოძი. პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. მან მხოლოდ 4 დღე იმოქმედა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია თბილისში შემოვიდა.

ამრიგად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითადი მიმართულებანი და ამ თვალსაზრისით, დროის სიმცირის მიუხედავად, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ასეთი დახვეწილი კონსტიტუციის მიღებით. 1921 წლის კონსტიტუციამ თავისი იდეებითა და ღირებულებებით დროს გაუსწრო.

ნია ნიკურაძე

იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნია ნიკურაძე

დამრიგებელი თინათინ სვანიძე