STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები

image

2023 წლის 11 ნოემბერს სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია: „STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავს და ნიკო ჯაფარიძის დაბადებიდან 131-ე წლისთავს. სიმბოლურია, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ნოემბრის თვეში-8 ნოემბერი STEM-ის საერთაშორისო დღეა.

STEM საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას და სწრაფად ინერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში; მეტიც, ის თანდათან ვითარდება და დღეს აქტუალურია STEM/STEAM/STREAM განათლება, რომელიც ხელს უწყობს საკითხების უკეთ შემეცნებას ერთიან ჭრილში(ჰოლისტური მიდგომა), ცოდნის ორგანიზებას და შესაბამის ტრანსფერს.

კონფერენციას მიესალმნენ:

• მურად ჯიშკარიანი, სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი

• შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

• თეა ღვინიანიძე-ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათისა და გელათის საჯარო სკოლების ფიზიკის და ტექნოლოგიების მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი STEM-ის მიმართულებით, ზოგადი განათლების უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ტრენერი რობოტიკის მიმართულებით.

• მარინე რუსაძე- კონფერერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი პედაგოგი

• გენადი მარგველაშვილი- ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი

• მამულო ბუჭუხიშვილი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი

• დავით ჯაფარიძე-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკის დოქტორი. აღსანიშნავია, რომ ბატონი დავით ჯაფარიძე არის ნიკო ჯაფარიძის შვილიშვილი.

ნიკო ჯაფარიძე 1916-1926 წლებში მუშაობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში(ამჯამად ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა), იგი არის ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებელი საქართველოში- ქიმიის კაბინეტის შექმნა საქართველოს სკოლებში სწორედ მის სახელს უკავშირდება; საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსუდან ნიკოლაძესთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შემუშავების საქმეში. ბატონ დავითთან ერთად კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ნიკო ჯაფარიძის შთამომავლები-ქალბატონი მარინა ჯაფარიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტი (განათლების ადმინისტრირება), გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე და ქალბატონი ნინო ჯაფარიძე, იპოლიტოვ -ივანოვის სახელობის მე-6 ხელოვნების სკოლის პედაგოგი.

• მუშაობა მიმდინარეობდა ორ სექციაში. წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მოხსენებები; კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლები, ასევე სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან. კონფერენცია კიდევ უფრო საინტერესო გახადა მოსწავლეთა ჩართულობამ. კერძოდ, მათ წარმოადგინეს:

• „SMART დამრევი“ -ნია როხვაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მე-9 მოსწავლე, ხელმძღვანელი უტა კილასონია

• „გეომეტრიული ფიგურების მოცულობის დადგენა“ - სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ქეთი ფრუიძე და მე-11 კლასის მოსწავლე ლია ფრუიძე, ხელმძღვანელი მაია ჩაჩხიანი, მათემატიკის მენტორი მასწავლებელი, ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი

• „ჭკვიანი ურნა“-სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ოთარ ლაღაძე, ხელმძღვანელი მარინე რუსაძე, ქიმიის წამყვანი მასწავლებელი

ბოლოს, მონაწილეებმა შეაჯამეს კონფერენციის მუშაობა. კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს სერტიფიკატები გადასცა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ბატონმა ამირან ძაგნიძემ.