
ლიკას ჯადოქრობებზე ხომ ყველას გვსმენია?! ასე იყო გუშინაც!
ხელოვნება რომ უკვდავია, ესეც ყველამ ვიცით, მაგრამ ხელოვნების ნიმუშთა „გაცოცხლება“ მხოლოდ შემოქმედს თუ ხელეწიფება. ლიკამ ადრე, ხომ მსოფლიო ფერწერა გააცოცხლა სცენაზე, მერე მუზეუმები მოგვატარა და მოგვითხრო იქაური ამბები, გუშინ კიდევ ქანდაკებები აალაპარაკა... სავიზიტო ბარათად ქცეული ქანდაკებები, ქუთაისის ქუჩებს რომ ამშვენებს და ჩვენი ქალაქის კოლორიტებს არ გვავიწყებს, ისინი აახმაურა ჩვენი სკოლის დერეფნებში...
ხელოვნების მასწავლებლის ლიკა ჯაფარიძის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, სსიპ ქუთაისის N12 და სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ერთობლივი, ექსპერიმენტული წარმოდგენა "ხმაურიანი დუმილი" შესთავაზეს მაყურებელს. მოსწავლეების მიერ შექმნილ სცენარში მთავარ მოწოდებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი წარმოადგენდა. მთავარი პერსონაჟი- ქუთაისის სიმბოლური სახე - განასახიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობმა, ავთანდილ სახამბერიძემ. საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ცნობილი მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, რადგან წარმოდგენის მთავარ ლაიტმოტივს წარმოადგენდა მისი საავტორო ნამუშევრები "გაცოცხლებული " ქანდაკებები- "ცისფერყანწელები", „გიმნაზისტკა", "იპოლიტე ხვიჩია", "ვასილ ამაშუკელი". აღსანიშნავია, სკოლის მანდატურის, უნიჭიერესი ხელოვანის, ვანო ჩაფიძის ჩართულობა, სწორედ მისი ფოტოების გამოყენებით შეიქმნა დეკორატიული ბანერები წარმოდგენისთვის, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა წარმოდგენის სანახაობრივი მხარე!