დღეს ვუმასპინძლეთ პოეტს, რომელსაც პოეტთა ქვეყანაში განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ხიბლი აქვს მის სიტყვას – ასე რბილსა და ქართულს, ხიბლი აქვს მის ხმას – დარდგარეულსა და დინჯს, ფიქრის აღძვრას, გულში წვდომას რომ გვაიძულებს,. ხიბლი აქვს მის გარეგნობას – მთის იერდაკრულს – შემოქმედი კაცის მარადხიზანი ბუნებაც რომ ჩანს და უბრალო ადამიანის უხერხულობაც, ხიბლი აქვს მის შინაგან ბუნებას– „მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება“.
რატომღაც სხვა იერი აქვს ყველას, ვინც არაგვის ხეობიდან გვევლინება, როცა არაგვნაყეფი ყურით ისმენთ და არაგვნაცქერი თვალებით ხედავთ... ალბათ სხვაგვარია ხედვაც, სმენაც და, ფაქტია, ხმა და სიტყვაც.
არის ბედნიერება ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა, მაგრამ რთულიცაა, ყველა მაღალფარდოვანი სიტყვა იკარგება, რადგან შეხვედრა მასთან სიტყვის სისადავესაც მოითხოვს.
და მიდიოდა უბრალო კაცი, კაცი რომელიც ჰგავდა თავისთავს.
ვკითხულობთ ლექსებს და ვხვდებით, რომ ეს დიდი დარდის მონაწურია, ერთი კაცის სატკივარია, ერთი კაცის დარდი და ვარამია, თუმცა მრავალთა დარდებსა და წყლულებს დასდებია სალბუნად და მალამოდ. მისი პოეზია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მარტო ტკბილ ხმათათვის არ იგზავნება კაცი, რომ ადამიანს დარდი და ტკივილი ალაპარაკებს, ეგ რომ არ იყოს, ხმასაც არ ამოიღებდა, ძაღლს რომ უხარია, კუდის ქიცინითაც გვამცნობს და ყველასთვის გასაგებიაო– ილიამ. ეგეც ყველამ იცის – დარდის და სევდის მიღმაა რითმის და რიტმის ჯარია,
ორიოდ სიტყვის ამოთქმაც დარდის საბუდრის ბრალია. საქვეყნო და პიროვნული სადარდელი ლექსად იღერღება პოეტის გულში და მთის ბუნებასავით დინჯ სიტყვას გვთავაზობს, ამ ლექსებს ხმამაღლა წაკითხვა არ უხდება, გამოხარშულნი არიან, ნისლში გამოხარშულნი, ბუბუნით უნდა წაიკითხო, ხმადახშულად, რომ გულს მისცე საზრდოდ.
დღეს
ტარიელ ხარხელაური იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სტუმრობდა...
დღევანდელი დღე ქალბატონი მარინე რუსაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით შედგა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ავტორის ლექსები წაიკითხეს და მის ლექსზე შესრულებული სიმღერაც აამღერეს სცენაზე. დღესასწაული კიდევ უფრო დაამშვენა სკოლის გოგონათა გუნდმა (ხელმძღვანელი ხათუნა მეგრელიძე, კონცერტმეისტერი ნინო არობელიძე) და ხალხური სიმღერების გუნდმა „ადილამ“ (ხელმძღვანელი მაიზერ გხდელიანი).
ღონისძიების დასასრულს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დიალოგი გამართეს პოეტთან და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. დღევანდელი დღის სამახსოვროდ კი ფოტოები და პოეტის ავტოგრაფით დამშვენებული წიგნები დაგვრჩება და ამ ამბავსაც სკოლის ისტორიის სახელოვან ნაწილად შემოვინახავთ.
