სკოლის ისტორიის ფურცლებიდან

image image

ეს არის მისალოცი ღია ბარათი, რომელიც, ისტორიკოს გიორგი კალანდიას ცნობით, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღია საახალწლო ბარათია. ის 1906 წლის 31 დეკემბერს გაიგზავნა გორიდან ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მისი ადრესატია სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე, რომელსაც კონსტანტინე გოგინაშვილმა მიულოცა ახალი წელი.

სერგო რობაქიძე (1869-1934 წწ) იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის (შემდეგ გიმნაზიის) მასწავლებელი. მან მუშაობა სკოლის დირექტორის, ალ. გარსევანიშვილის, შეთავაზებით დაიწყო და 20 წლის განმავლობაში (1898-1918 წწ) მოსამზადებელ და პროგიმნაზიულ კლასებში ასწავლიდა სამშობლო აღწერას, არითმეტიკას, ბუნებისმეტყველებას. 1912 წელს ს.რობაქიძემ დაწერა საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო “სამშობლოს აღწერა” სურათებითა და რუკით. ეს წიგნი რამდენჯერმე დაიბეჭდა ქუთაისში. ისევე, როგორც გიმნაზიის ყველა მასწავლებელი, ს. ეობაქიძეც აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. მონაწილეობდა საკვირაო სკოლების გახსნის საქმეში, ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს საქართველოს გეოგრაფიაში, ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, შექმნა საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იაფ თეატრალურ წარმოდგენებს დგამდა ღარიბი მოსახლეობისათვის, გიმნაზიაში ხშირად მართავდა ლიტერატურულ საღამოებს. ქართულ გიმნაზიაში ის იყო ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი, რომელიც აწყობდა მოსწავლეთა ექსკურსიებს. ს. რობაქიძე იყო ქშწკგს-ის წევრი 1902 წლიდან. 1921 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა გორში, პედაგოგიურ ტექნიკუმში, სადაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. გარდაიცვალა 1934 წელს, დაკრძალულია გორში.

ქართველებს ახალი წლის მილოცვის საინტერესო ტრადიცია გვაქვს, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ახალი წლის ღია ბარათებით მილოცვას. ჩვენთვის, მეორესკოლელებისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს ტრადიცია ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიას უკავშირდება. 

Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია

P.S. აღნიშნულ თემაზე იმუშავა და მასალები მოიძია ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ჭეიშვილმა.

გადაცემის ლინკი 👇👇👇

https://www.facebook.com/share/v/15nmiEaZSv/