კიდევ ერთი ლამაზი დღე მიითვალა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის ღირსეულმა წარსულმა _ გულნარა დავიდოვას საიუბილეო საღამო, მასწავლებელთა მასწავლებლის ტიტული, ვარსკვლავის გახსნა და სიყვარულით სავსე ისტორიები გაცოცხლდა სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე და თავბრუდამხვევი ემოციების ფონზე, დაუვიწყარ დღედ იქცა, სტუმრებისა და გულნარა მასწავლებლისთვისაც.
ღონისძიება, სკოლაში არსებულმა ხალხური სიმღერების გუნდმა „პატარების ადილა“-მ გახსნა მაიზერ გაზდელიანის ხელმძღვანელობით და გულნარა მასწავლებელი იმერული „მგზავრულის“ ფონზე მიიპატიჟა სააქტო დარბაზში.
"ნეტავ, იმ მთებს იქით რა ხდება, ან ამ შარაგზას საით მივყავართ?!" - იუბილარის ფიქრები სცენაზე მოფარფატე ბალერინა გოგონებმა გააცოცხლეს და ბებიის როლში მართა გოდუაძე წარსდგა მაყურებლის წინაშე.
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა“ორნატი“ (ხელმძღვანელები მამუკა გეწაძე და მაკა ბოჭორიშვილი) სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე ცეცხლი დაანთეს და ასე გამოხატეს მადლიერება ღვაწლმოსილი მასწავლებლის წინაშე.
სკოლაში არსებულმა გუნდმა ხათუნა მეგრელაძის ხელმძღვანელობით (დირიჟორი ხათუნა მეგრელაძე, კონცერტმაისტერი ნინო არობელიძე) სიმღერა „მასწავლებელო“ შეასრულა სცენაზე. ასევე ყოფილმა მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენეს გულნარა მასწავლებელთან გატარებული წლები და ყოფილ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის.
გულნარა მასწავლებელს იუბილე მიულოცეს და მისი მუშაობის წლები გაიხსენეს კოლეგებმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმერეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ქციტიშვილი, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები, მოსწავლეები, მშობლები და გულნარა მასწავლებლის კოლეგები.
ზღვა ემოციით დატვირთული დღე, არამხოლოდ გულნარა მასწავლებლისთვის , არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარი გახდა.
გულნარა დავიდოვას, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა წოდება „მასწავლებელთა მასწავლებელი“, ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიენიჭა ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და მათთვის მაღალი მოქალაქეობრივი ჩვევების ჩამოყალიბებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ამ მიმართულებით გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის.
იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლა, კიდევ ერთხელ ულოცავს გუნლარა მასწვალებელს იუბილეს და მადლობას უხდის გაწეული ღვაწლისთვის!
