ისტორიული ტაო-კლარჯეთი

image image image image image

"9-10-11 მაისს ოცხელის სახელობის სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ნაწილი საქართველოს ისტორიული მხარის, ტაო-კლარჯეთის, მოსანახულებლად გაეშურა. რა თქმა უნდა, ვიცოდით, სადაც მივდიოდით, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მთების უჩვეულო მრავალფეროვნება და სიდიადე ვერ ჩრდილავდა ჟამისაგან მოცელილ და გადაბელილ ტაძართა დიდებულებას. დოლისყანა, ტბეთი, ხანძთა, იშხანი, ბანა, ოშკი, ხახული, პარხალი, ოთხთა...

აქ ყოველი ლოდი საქართველოს დიდ წარსულზე ღაღადებდა. ყოველი წარწერა, სასწაულებრივად გადარჩენილ ფრესკათა ფერები, ყოველი ჩუქურთმა, ბარელიეფი, დაცხრილული გუმბათი, დახავსებული კრამიტი, ხეებამოსული კედელი იხვეწ-იმუდარებოდა ქართულ თვალს, ქართულ სულს, ქართულ გულს და ქართულ ხელს, ქართულ ძალისხმევას...

რა დიდებულების შეგრძნება იყო, მაგრამ ამავდროულად რა უმწეობისა და სასოწარკვეთისაც...

,,რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი"....

* * *

იქ ფერი ჰქონია ყაყაჩოს ნამკრთალი,

არ ჰგავდა მცხეთასთან ნაყეფს და ნაყივლებს.

და ის გუმბათები, ლურჯ ცაზე გამკრთალი,

თვალებს მიწყლიანებს, შიგნიდან მაკივლებს.

ზეგნებზე გაბნეულ ყვავილებს შევხარი, თვალებს უკეთესი საცქერი რად უნდა

და სისხლი რომ ჰქონდა იმ ზეგნებს შემხმარი,

იქნება, ის სისხლი გაცვდა და გახუნდა.

მომტირის ტბეთიდან გუმბათის ნანგრევი,

ჩუქურთმებს კოცნიან სურო და ხავსები.

და გრილი მიწიდან ცრემლებად ნახეთქი

ბრჭყვიალებს ღილები -

ღვთის ცრემლთა მსგავსები.

ხანძთასთან მომინდა მუხლებზე დამხობა,

ვეკვრები ქვის ლოდებს -

იმ ციხისკარულებს,

ნანგრევი დუმილით იმ ტკივილს ამბობდა,

ერთ დროს რომ იწვევდა უზღვავ სიხარულებს.

ვეახელ ცის კიდეს, ანდა რა დამღლიდა,

წარსულს ვაბიჯებდი, ჟამთასვლით დაგლეჯილს.

და ტაძრის უღმერთოდ დაფლეთილ თაღიდან

მიღიმის ლაჟვარდი - ლურჯი ცის ნაგლეჯი...

რაღაცას ითხოვს ბებერი ტაო,

ზეცა ახურავთ გუმბათად ტაძრებს.

ნიშანი იცნო, იქნება, ცაო,

თორემ მათ "ცამცა გაიდარბაზეს".

........

ეჰ, ამ ყაყაჩოებს, ამ სისხლის წინწკალებს,

ჰაერი რომ ჰკოცნის "გრილი და ჰამოიჲ",

ფერი აქვთ ნამკრთალი,

ფერი აქვთ ნამკრთალი,

ხანძთასთან,

შატბერდთან,

ტბეთთან თუ

ბანასთან."

ავტ: მაია კოპალიანი-ჯიქიძისა

ფოტო: ცირა ქარსელაძისა