მეთორმეტეკლასელებს!
"ჩემო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ლამაზ, მხიარულ, სასურველ მომავალს გისურვებთ. ვიცი, მესმის, რასაც ახლა გრძნობთ. ძალიან ღელავთ, საკუთარი გულისცემა გესმით, სიხარულს, შიშს, იმედებს ვერ იტევთ გულში. გეფიქრებათ, რა იქნება ხვალ?! როგორები გაიღვიძებთ?! რა გელით? ია-ვარდით მოფენილი, თუ ნარ-ეკლიანი, ალისფრად მოღუდღუდე ნაკვერჩხლებიანი გზა?!
გეტყვით, გაგიმხელთ----ორივე ერთად ან ცალ-ცალკე, მაგრამ მთავარია ამ გზებით სიარულმა არ შეგაშინოთ. სწორედ ასეთი გზები მიგიყვანთ ჭეშმარიტებამდე, გაპოვნინებთ იმ გზას, რომელიც თქვენს ნამდვილ სახეს, საქმესა და ადგილს დაგანახებთ, სადაც უნდა იდგეთ.
რვა წელი გავატარეთ ერთად. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ მოხდა. გავზარდეთ ერთმანეთი გამოცდილებებით. იყო დიდი სიხარული, მარცხის სიმწვავე,გამარჯვებისა და წარმატებების აღტყინება,ზოგჯერ იმედგაცრუება,დაცემა, მაგრამ მაინც ლამაზი, საინტერესო,ძიებისა და აღმოჩენების სასურველი წლები იყო. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. გავიცანით, შევიყვარეთ ერთმანეთი (გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე ძალიან მიყვარხართ) ჩვენი კარგი თუ ცუდი მხარეებით, მისაღები თუ მიუღებელი ხასიათით.
მინდა გისურვოთ: ფუტკარივით მოფუსფუსე, ბეღურასავით ერთგული, ჭიანჭველასავით ძლიერი, ხატის წინ დანთებული სანთელივით იწვოდეთ მუდამ. საკუთარ გულსა და გონებას მოუსმინეთ, ღმერთთან იმეგობრეთ, ისწვლეთ, იშრომეთ, ადამიანური ვალი მოიხადეთ.
იცით, როგორ სიცოცხლეს გისურვებთ?!
„სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არც ერთთან ჭამო სირცხვილი!
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი!“
აი, ასეთი მინდა იყოს თქვენი მომავალი ცხოვრება,არც მეტი, არც ნაკლები!
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გკოცნით, გეფერებით!!! "
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მაია რუსაძე.
20.05.2025 წელი.
