პროექტ-გაკვეთილი: „უცნობი ქუთაისი“

image image image image image

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის VIა კლასში, პროექტ-გაკვეთილი: „უცნობი ქუთაისი“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - დარინა ყურუამ ჩაატარა. 

კლასის დამრიგებელი: ნატო რუხაძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დარინა ყურუა

„ქუთაისი რომ ყველაზე ქართული ქალაქია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ალბათ, ყველა ქართველს თავისი ქუთაისი აქვს მკერდზე ამოტვიფრული. ის ხომ ყველაზე ძველი ქართული ქალაქია და მყარად დგას ქართული სიტყვისა და ზოგადად, ყოველივე ეროვნულის სადარაჯოზე თავისი დიადი და მრავალფეროვანი წარსულით. ამიტომაცაა, ქუთაისს სიყვარულის ქალაქს რომ უწოდებენ და ქუთაისქალაქობაც რომ წელიწადის ყველაზე ლამაზ თვეში - მაისში აღინიშნება.

ქუთაისმა ბევრი სახელოვანი ქართველი აღზარდა და გამოზარდა,

მათ შესახებ, გაკვეთილზე, ხშირად ვსაუბრობთ და შემოქმედებასთან ერთად ბიოგრაფიას როცა ვეცნობით, ყოველთვის სიმაყით ვახსენებთ ხოლმე ჩვენს ქალაქს... ამიტომაც, ერთხელაც გადავწყვიტეთ, ქუთაისქალაქობასთან დაკავშირებით, ამ ქალაქის შესახებ მეტი გაგვეგო - წიგნებიდან თუ პიროვნებებიდან, სხვა კუთხით დაგვენახა და ყოველდღიურობად ქცეული სიდიადე თავიდან აღმოგვეჩინა.

ბევრი ვიმუშავეთ. არც ისე ადვილი ყოფილა. ქალაქის მხოლოდ რამდენიმე ღირსშესანიშნაობის შერჩევა გაგვიჭირდა, აბა, რომელი „გადაგვედო“ გვერდზე?!; არც იმ ერთი პიროვნების შერჩევა იყო ადვილი, ვისაც შევხვდებოდით და ვისგანაც ქუთაისურ ამბებს მოვისმენდით...

ერთ დღესაც, როცა დავასრულეთ ძიება, ბატონ ომარს შევხვდით, პროფესორს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს მერვე მომწვევის პარლამენტის წევრს, ღირსეულ ქუთაისელს და ადამიანს, რომლისთვისაც ყველა წოდებაზე და რეგალიაზე უფრო მაღლა ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის სიყვარულია.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. რაც მთავარია, მასპინძელთან მხოლოდ მსმენელის რანგში არ ვყოფილვართ. ბატონმა ომარმა უძველესი ქუთაისის შესახებ მოგვითხრო, მითებში და ლეგენდებში დაუჯერებელ ამბად რომ არის შემონახული და ყოველი მოსმენისას რომ აღგაფრთოვანებს. არც ეს ლამაზი გოგო-ბიჭები დარჩენილან ვალში და ისე საინტერესოდ, თავდაჯერებულებმა ისაუბრეს ქალაქის მთავარ დღესასწაულზე, მისი დაარსებისა და განვითარების ისტორიაზე, რომ მათ მიერ ნათვამი ყოველი სიტყვის მერე ვიზრდებოდი და მხრებში ვიმართებოდი, საკუთარი შვილის წარმატებასავით მახარებდა ყოველი სიტყვა, ასე თამამად რომ მოგვითხრობდნენ დიდი ქალაქის დიდ ამბებზე. ქუთაისქალაქობის მერე ამ ქალაქის „პარლამენტზე“ ანუ ბულვარზე ისაუბრეს, არც ქალაქის საჰაერო გზა - სავიზიტო ბარათად ქცეული საბაგირო დავიწყნიათ, ყველასგან რომ გამორჩეული და თავის ხასიათად და ამბად რომ არის გაკიდული რიონის თავზე. ბოლოს ლიტერატურული სალონებიც მიმოიხილეს, ქალაქის კი არადა ქვეყნის კულტურულ კერას რომ წარმოადგენდა და ბევრი დიდი ქართველი მოღვაწე სწორედ ამ ქუთაისურ ლიტერატურულ სალონებში რომ აცნობდა საკუთარ შემოქმედებას საზოგადოებას.

მაგიდის თავში ვიჯექი პროექტორთან, ფოტოაპარატით ხელში და ჩემს გოგო-ბიჭებს გულისყურით ვუსმენდი, თითქოს პირველად გამეგო მათგან ეს ამბები, მაშინ როცა მათთან ერთად, სულ ზეპირად ვიცოდი ყველა ამბის სიტყვა და ემოცია.

ჩემი მიზანი - ყოველდღიურობადქცეული ქუთაისური ამბების „სწავლა“, ისე რომ ქალაქში ჩამოსულ სტუმარს თამამი სიტყვით მოუთხრონ, ჩემმა მოსწავლეებმა, ამ უძველესი ქალაქის შესახებ, მცირედი მარცვლით დავიწყე და ვფიქრობ, გავიმარჯვე. ❤ ეს მართლაც მისხალია იმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვაქვს გონებაში და რასაც რეალობად ვაქცევთ წლების მანძილზე.“

სიყვარულით

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დარინა ყურუა