"სიყვარულისთვის ქუთაისს ყოველთვისა აქვს დრო!"

image image image image image

9 ივნისს, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი დამრიგებლის ნათია ბრეგაძის ხელმძღვანელობით გამართეს ულამაზესი და შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც მთლიანად ქუთაისს, მის ისტორიასა და კულტურას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა მთელი გულითა და ბავშვური სიწრფელით წაიკითხეს ლექსები თავიანთ მშობლიურ ქალაქზე — ქუთაისზე. ქალაქზე, რომელიც საუკუნეთა სიღრმიდან მოდის და დღესაც ამაყად დგას თავისი ძველი დიდებითა და ცოცხალი სულით. პატარა მსახიობებმა ლექსები სცენაზე „გრძნობებად“ გარდაქმნეს და მსმენელებს საოცარი დღე აჩუქეს. მათ თითოეულ სიტყვაში ქუთაისისადმი სიყვარული და მადლიერება მკაფიოდ იგრძნობოდა.

ღონისძიებას მშობლებიც აქტიურად შეუერთდნენ — ერთად იმღერეს ბავშვებთან და პედაგოგებთან, სცენაზე ქუთაისური სითბო და სიხარული დაატრიალეს. ღონისძიებაზე, მოულოდნელად, მსახიობი და მომღერალი, ლადო კუჭუხიძე გამოჩნდა, რომელმაც ბავშვებთან ერთად შეასრულა მისი ცნობილი სიმღერა ქუთაისზე, რამაც მაყურებლის განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა.

დამრიგებლის მიერ საგულდაგულოდ დაგეგმილი ნომრები, ბავშვების მონდომება და მშობლების ჩართულობა - ერთად იქცა იმ დიდ დღესასწაულად, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად ღრმაა სიყვარულის ფესვები, როცა ის სამშობლოსა და მშობლიურ ქალაქს ეხება. ბავშვების მიერ შესრულებულ ყოველ ნომერში იგრძნობოდა სიყვარული, ერთგულება და ერთობის სურვილი, რითაც დაუვიწყარ დღედ იქცა თითოეული ჩვენგანისთვის 9 ივნისი.

ქუთაისი — ეს არის არა მხოლოდ ისტორია, რომელშიც ქართველ მეფეთა სახელოვანი წარსულია გაბრწყინებული, არამედ ეს იმ ადამიანთა ქალაქია, რომელთა სითბო და მეგობრობა განსაკუთრებულ ხიბლს სძენს აქაურობას.

ქუთაისის ისტორიაზე ყოველი ქვა, კუთხე-კუნჭული თუ ისტორიული ძეგლის ნაშთი საუბრობს — ბაგრატის ტაძრიდან დაწყებული, კოლხური ოდებით გაგრძელებული და დღევანდელი თანამედროვეობით დასრულებული. ამ ისტორიას ახლა ახალი ფურცელი შეემატა — პატარა ხელოვანების ლექსებით, ღიმილებითა და სიმღერებით დაწერილი ფურცელი, რომლებიც დღეს ასე ამაყად და თავდაჯერებულნი იდგნენ სცენაზე და თავიანთი გულიდან წამოსული სიტყვით გვაოცებდნენ.

დღევანდელი დღე არ იყო მხოლოდ ღონისძიება და სასიამოვნოდ გატარებული ორი საათი. დღეს, ამ პატარა ბავშვების გულში, კიდევ უფრო ღრმად აღიბეჭდა მშობლიური ქალაქის სიყვარული, პატივისცემა და დაცვის უნარი, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ხვალინდელი, უკეთესი, დღისთვის.

სწორედ ამ ღირებულებებით იყო გაჟღენთილი 9 ივნისის ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ ქუთაისი არასოდეს დაკარგავს თავის სულიერ ძალას, სანამ ამ ქალაქში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც ასე თავდადებით და გულით უძღვნიან ლექსებს საკუთარ ქალაქს.

მადლობა ნათია მასწავლებელს და მის საოცარ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და თითოეულ გულშემატკივარს ამ საოცარი ემოციისთვის, რომელიც დიდხანს გაგვყვება სასიამოვნო მოგონებად.

განსაკუთრებული მადლობა ნინო მასწავლებელს - ნინო არობელიძეს, რომელიც მთელი ღონისძიების განმავლობაში შეუსვენებლივ უკრავდა როალზე და მისი პროფესიონალიზმი ცალკე აღფრთოვანებას იწვევდა მაყურებელში.