იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლამ უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა
2025 წლის 7 ივლისს ქ.ქუთაისში დაიწყო ტრენინგი ტრენერებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და რეციკლირების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით. ტრენინგში მონაწილეობას ღებულობენ რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. ტრენინგი იმართება პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ტრანსნაციონალური თანამშრომლობა მდგრადი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების პრაქტიკის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „შავი ზღვის აუზის Interreg Next პროგრამის“ მიერ. პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შექმნით, კერძოდ, გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი საპილოტე ქმედებების განხორციელების გზით დაბინძურების აღკვეთისა და ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების შემცირების მიზნით. პროექტის განხორციელებაში ჩართულია ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: სამხრეთ ედირნეს მყარი ნარჩენების გაერთიანება (ქ.კეშან-ედირნე, თურქეთი), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), სოზოპოლ მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო), უზუნკოპრუ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია (თურქეთი). შეხვედრის მონაწილეები: პროექტის მენეჯერი - სენაი ჩეკიჩ (თურქეთი), თანაკოორდინატორი ირინელ ოპრეა (რუმინეთი), ექსპერტი ელენა ივანოვა (ბულგარეთი), დანიელა გობიაჯა (გალაცის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, რუმინეთი), ანდრეი დასკალუ (გარემოსდაცვითი ექსპერტი, რუმინეთი) და სხვები. ასევე „სპექტრის“ წარმომადგენლები: ქეთევან ცხაკაია, თამარ მოსეშვილი, ვენერა მხიტარიანი, თამარ მუმლაძე.
ტრენინგის მონაწილეები 9 ივლისს ეწვივნენ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლას, გარემოსდაცვით სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით. სტუმრებს სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა უმასპინძლა. მათ დაათვალიერეს სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, ბატონი მურადისგან მოისმინეს სკოლის საუკუნენახევრიანი ისტორია!...
შეხვედრა სკოლის კომპიუტერულ ცენტრში გაგრძელდა, სადაც ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა ღირსეულად წარმოადგინა სკოლის ეკოკლუბმა "ედელვაისი"-კოორდინატორი მარინე რუსაძე. მოსწავლეებმა ოთარ ლაღაძემ, ანასტასია სვანიძემ და ანიკა ჭიჭუეიშვილმა ისაუბრეს გარესმოსდაცვითი კუთხით ეკოკლუბის მიერ ჩატარებულ აქტივობებზე. პედაგოგმა ეკა სირაძემ ისაუბრა ინოვაციურ მიდგომებზე სწავლებაში, როგორ შეიძლება ნარჩენი ვაქციოთ სასწავლო რესურსად. ასევე, ფორუმში მონაწილეობდა პატრიკეთის საბავშვო ბაღის პედაგოგი ხათუნა ხარატიშვილი. შეხვედრის წარმატებაში დიდია ეკოკლუბ "ედელვაისისა" და მისი კოორდინატორის ქალნატონ მარინე რუსაძის წვლილი.
შეხვედრა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და იმედისმომცემი გამოდგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, ორგანიზატორსა თუ მასპინძელს. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სახელით კი განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ქალბატონ ქეთევან ცხაკაიას, რომელიც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“-ს წარმომადგენელია.
